მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს

ELUAENBG


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს თეოდორე მეორესა და ალექსანდრიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.

აღნიშნულ წერილს, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 12 იანვრით, გთავაზობთ უცვლელად:

“ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს უნეტარეს თეოდორეს

ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს,

თქვენო უნეტარესობავ,
ქრისტესმოყვარე ძმანო მღვდელმთავარნო,

გწერთ თქვენი ქრისტესმიერი ძმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მთავარეპისკოპოსი დმანისისა (საქართველო) და აგარაკ-ტაშირისა (თანამედროვე სომხეთი), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.
მწუხარებით შევიტყე 2021 წლის 29 დეკემბერს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დაეარსებინათ ალექსანდრიის სახელოვანი, წმიდა და სამოციქულო საპატრიარქოს ტერიტორიაზე საკუთარი ექსარქია.
პირადად მე განსაკუთრებით კარგად მესმის თქვენი საწუხარი, რადგან ორიოდე თვით ადრე, 2021 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება დაეარსებინათ ერევნისა და სომხეთის ეპარქია, ზუსტად იგივე არქიეპისკოპოს ლეონიდე გორბაჩევის მეთაურობით, რომლის წარმოგზავნასაც ამჟამად თქვენს კურთხეულ კონტინენტზე აპირებენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს იურისდიქციაში შედის აგარაკ-ტაშირის (ახტალის) 1600 წლოვანი ეპარქია, რომელიც მოიცავს თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის რეგიონს. ისტორიულად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოსკოვის საპატრიარქო არ არსებობდა, თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე სამწყემსო მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს მღვდელთმთავრები, რომლებსაც ემორჩილებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალკედონიტები. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა უძველესი ავტოკეფალია 1917 წელს, თავად მოსკოვის საპატრიარქოც კი, 1943 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესიის სამწყსოდ თვლიდა სომხეთში მცხოვრებ ქალკედონიტებს.
მიუხედავად ამ ისტორიული მოცემულობისა, მოსკოვის ეკლესიამ მაინც დასვა სომხეთში საკუთარი ექსარქოსი და დაუქვემდებარა მას მთელი სომხეთი.

პატივცემულო ქრისტესმიერო ძმებო,

უკვე ცხადია, რომ ერთი ხვედრის თანაზიარნი ვართ და თუ ვინმეს ესმის თქვენი სამართლიანი გულისტკივილის, ერთ-ერთი ვარ მე, რომელიც დაზარალებული ვარ რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისაგან სული წმინდის მიერ ჩემზედ რწმუნებულ ისტორიულ ეპარქიაში შემოჭრით.
როგორც ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ვატარებ დარდს და ჩემს ფიქრებში ვეძებ გამოსავალს, რადგან სამწუხაროდ არ უჩანს დასასრული რუსეთის ანტიეკლესიოლოგიურ ქმედებებს, როგორც საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში,ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ისტორიულად არსებობდა მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია, ასევე სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მიმართებით.
გამოვხატავ სოლიდარობას და ლოცვით თანადგომას იმ გამოწვევებთან, რომლის წინაშეც აღმოჩნდით და მსურს, რომ თქვენგანაც ვითხოვო თანადგომა და მოხსენიება.
ვილოცოთ რუსი ძმა მღვდელმთავრებისათვის, რათა სული წმინდამ ჩათესოს მათში მშვიდობის კეთილი მარცვალი და იხსნას ეკლესია იმპერიალისტური იდეოლოგიის ზიანისაგან.

დმანისისა და აგარაკ ტაშირის,
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

† ზენონი”.

წყარო: wenews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal