ეკლესიის წევრების კავშირი რუსეთთან – რა წერია სავარაუდოდ სუს-ის გაჟონილ ფაილებში

In other languages: BGELEN UA


დღეს, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. 

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში აყურდებდნენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 

სავარაუდოდ, სუს-ის მოერ მომზადებულ საიდუმლო ანგარიშებში, მათ შორის, საუბარია საპატრიარქოს წარმომადგენლების შესაძლო რუსულ კავშირებზე. 

ფაილებში თავმოყრილია ინფორმაცია მაღალიერარქების და საპატრიარქოს თანამშრომლების კავშირების შესახებ რუსეთთან. ზოგიერთი მათგანი მოიცავს პირად ინფორმაციას, ასევე, საუბარია სასულიერო პირების კანონიერ ან უკანონო ბიზნესებზე რუსეთში. 

დოკუმენტებში ნახსენებია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, თუმცა, წერია ის ინფორმაცია, რაც დიდწილად ღიაა:

1956-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემია-სემინარიაში. 1957 წელს საქართველოში ეკურთხა ბერად. 1959 წელს რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თანამშრომლობდა სუკ-თან ფსევდონიმით „ივერიელი“.

ფაილებში ვკითხულობთ ინფორმაციას პატრიარქის მდივან-რეფერენტზე, შორენა თეთრუაშვილზე. 

ჩანაწერების მიხედვით, 90-იან წლებში იგეგმებოდა მისი დათხოვნა საპატრიარქოდან, რუსეთის საპატრიარქოს თხოვნით დატოვებულ იქნა თანამდებობაზე. აკონტროლებს ყველა მიმდინარე პროცესს საპატრიარქოში. გაურბის კომუნიკაციის ყველანაირი საშუალებით პირადად სარგებლობას, არ ფლობს მობილურ და ქსელის ტელეფონს.

საპატრიარქოში მისი გალენის ქვეშ იმყოფებიან: მიტროპოლიტები თეოდორე ჭუაძე და ანანია ჯაფარიძე, აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, ასევე, გიორგი ანდრიაძე, რეზო შარაბიძე, ცისანა შარტავა. 

სუს-ის ფაილების მიხედვით, არ არსებობს პირდაპირი მონაცემები შორენა თეთრუაშვილის უშუალო კავშირის შესახებ რუსეთის ეკლესიასთან და პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან.

სუს-ის დოკუმენტებით, თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და ცდილობს მათ გაგზავნას რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზ ბიძინა გუნიას მეშვეობით. 

ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი

სუს-ის ჩანაწერების მიხედვით, წარსულში მსახურობდა  მოსკოვის ქართულ ეკლესიაში, ამავდროულად იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოში. სასულიერო ხარისხი მიიღო მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელშეწყობით, რომლის მძღოლადაც მსახურობდა წლების განმავლობაში.

ჩანაწერების მიხედვით, 2014 წელს თეთრუაშვილთან ურთიერთობაში გამოვიდა სასულიერო პირთა ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც ფარულად იმუშავებს საპატრიარქოში არსებული ერთ-ერთი დაჯგუფების გაძლიერებაზე, დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. გადაუმოწმებელი მონაცემებით თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. 2015 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად და მოღვაწეობას შეუდგა რაჭის ეპარქიაში.

სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში გვხვდება ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. 

სუს-ი წერს, რომ გრიგოლ ბერბიჭაშვილი არის ოთხჯერ ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასთან ერთად. დოკუმენტში მოყვანილი დასკვნით, ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ვანის და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონ ბულუხია – ​სუს-ის დოკუმენტებით, ის 1982-1987 სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში, მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან ერთად. ამჟამად რუსეთში ჰყავს ბიზნეს პარტნიორები, მოსკოვში აქვს ბიზნესი – მაღაზიები, რესტორნები, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი საყვარელი.

ანგარიშში ნათქვამია, ანტონ ბულუხიას ბიზნესი მოსკოვში სარგებლობს გარკვეული პრივილეგიით. კერძოდ, თავის ობიექტებზე ყიდის არალეგალურ (სავარაუდოდ კონტრაბანდულ) სპირტიან სასმელებს.

თბილისში ახლო ურთიერთობები ჰქონდა რუსეთის საელჩოს პერსონალთან. კავშირი აქვს რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან„. – წერია ფაილებში. 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ ფაილებში ვკითხულობთ ინფორმაციას მის პირად ცხოვრებაზე. 

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან. 

ამასთან, დაილების მიხედვით, მიტროპოლიტს აქვს კავშირი ადამიანთან, რომელსაც აწვდის ინფორმაციას საპატრიარქოში და ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის შესახებ, 
სუს-ის ფაილებში ნათქვამია, რომ მას რუსეთში დამთავრებული აქვს სასულიერო აკადემია. მისი უახლოესი მეგობარი და დამფინანსებელი არის შალვა ბრეუსი (კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი).

ჩანაწერების მიხედვით, მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. არსებული მონაცემებით, იყო ინიციატორი პატრიარქის და დონეცკის ერთ-ერთი ეპისკოპოსის საუბრის, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია საპატრიარქოს კრიტიკა.

სუს-ის დოკუმენტებით, ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინის ქართულ ეკლესიებში მღვდლებად ინიშნებიან მხოლოდ მისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები. მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოში საქართველოს წარმომადგენელი არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი წლების განმავლობაში იყო მისი მძღოლი.

ფაილებში წერია, რომ აშკარად გამოხატავს პოლიტიკურ სიმპატიებს ასლან აბაშიძის და მისი მმართველობის მიმართ.

სხალთის ეპარქია, მთავარეპისკოპოსი სპირიდონ (გოჩა) აბულაძე – სუს-ი წერს, რომ მღვდელმთავრის პრორუსული განწყობა მეტწილად განპირობებულია თურქულ-ისლამური ექსპანსიით აჭარის რეგიონში.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი

ფაილში წერია, რომ ის მიეკუთვნება იმ სასულიერო პირთა წრეს, რომლებიც მართლმადიდებლური სამყაროს „გადარჩენაში“ აღიარებენ რუსეთის უპირატეს როლს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი  – სუს-ის ფაილებში ნათქვამია, რომ ის 1993-94 წლებში ოჯახის წევრების მიერ ეჭვმიტანილი იყო მოსკოვში ცოლისძმის გატაცების ორგანიზებაში.

სუს-ის დოკუმენტებში წერია, რომ მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი (ბიზნესმენ გიორგი თავაძის რძალი) არიან რუსეთის მოქალაქეები. ბერძნულ-ბიზანტიურ საპატრიარქოებსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის დაპირისპირებაში დაიკავა რუსეთის მხარე, თუმცა, სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისიდან დავალებით. 

მღვდელი იონა (მამუკა) მაისურაძე 

მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვაში. 2008 წელს ქალაქ სოჭში დაკავებულ იქნა ჯაშუშობის ბრალდებით. ახლო ურთიერთობა აქვს დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილთან. 2009 წელს დეპორტირებულ იქნა რუსეთიდან. 2010 წელს მასთან კავშირი დაამყარა ისრაელის მოქალაქემ, რუსმა ებრაელმა “ს.ო.”-მ, რომელიც სავარაუდოდ იყო რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი და იყენებდა ი.მაისურაძეს საპატრიარქოში ინფორმაციის მოსაპოვებლად. დაზვერვის კონკრეტული მიზანი იყო – გამოეწვიათ კონფლიქტი იერუსალიმისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის.

სუს-ი წერს, რომ ინფორმაციის მოპოვების და კარიერული წინსვლის მიზნით, მაისურაძე დაუახლოვდა შორენა თეთრუაშვილის თანაშემწე მაია მუხიაშვილს.

ჩანაწერების მიხედვით, ამჟამად ახლოს თანამშრომლობს სუკ-ის ყოფილ აგენტ დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილთან.

„აღსანიშნავია, რომ ეს ორი პიროვნება ერთად გეგმავს გამგზავრებას უკრაინაში, სავარაუდოდ ადგილობრივ სასულიერო პირებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით (რუსული დაზვერვის პრიორიტეტული მიმართულება)“. – წერია ფაილებში. 

სტეფანწმინდა-ხევის ეპარქია, მთავარეპისკოპოსი იაგუდიელი ტაბატაძე

სუს-ი წერს, რომ ოპერატიული ინფორმაციით 2000-2002 წლებში, ჩრდილოეთ ოსეთში კავშირი ჰქონდა ნარკობიზნესით დაკავებულ პირებთან. 

დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი, ფსევდონიმები – დანიელი, ჟოსეფინა

სისტემატური კონტაქტი აქვს რუსული ორგანიზაცია „მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო ფონდის“ ხელმძღვანელებთან. აწვდის საპატრიარქოს კულუარულ ინფორმაციებს. 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელ მიხეილ ხუბუტიასთან და მის წარმომადგენელ, ჟურნალისტ რაულ ქირიასთან, რომელიც ხუბუტიას დაფინანსებით გეგმავს თბილისში ტელევიზიის დაარსებას. 80-იან წლებში ცნობილ დიზაინერ ივ სენ ლორანთან დაახლოებისთვის რუსეთის სუკ-ის მიერ შემუშავებულ ლეგენდას დღესაც იყენებს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლის წარმოსაჩენად. 

დეკანოზი ლევან მათეშვილი

სუს-ის ფაილების მიხედვით, აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში გამართული აპოლოგეტური ცენტრების შეხვედრებში. ჩართულია საქართველოში ანალოგიური ტიპის მისიონერული ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში, რაც უნდა განხორციელდეს რუსული ინვესტიციებით.

სუს-ის ფაილებში ნახსენებია საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა “დავითიანნი“, მისი ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე და მოადგილე გიორგი მიქანაძე

ჩანაწერების მიხედვით, ორგანიზაცია დავითიანნი აქტიურად მონაწილეობს „აპოლოგეტური ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, აქვთ ინტერესი მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან აპოლოგეტურ ცენტრში პროექტების განხორციელებისთვის. მონაწილეობდნენ ტიხონ შევკუნოვთან შეხვედრებში.

ორგანიზაცია „დავითიანი“ აქტიურად გამოიყენებოდა შორენა თეთრუაშვილის მიერ საყდრისის საპროტესტო აქციებში და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც, თეთრუაშვილის აზრით იყო, მნიშვნელოვანი.

ნეკრესის ეპარქია, მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი

ჩანაწერების მიხედვით, სასულიერო ცხოვრება დაიწყო რუსეთში. 1985-88 წლებში სწავლობდა რუსეთის ერთერთ სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიღო მღვდლის ხარისხი. 1988 წელს დაინიშნა ახალციხის რაიონის საფარის მამათა მონასტერში მღვდლად. მისი სულიერი მოძღვარი არის ბელორუსიაში რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელთანაც ჩადის პერიოდულად და ითვალიწინებს მის რჩევებს.

არქიმანდრიტი პიმენ ქარდავა

სუს-ის ჩანაწერებით, სისტემატური კონტაქტები აქვს აფხაზეთში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, რომლებიც უკავშირდებიან პერიოდულად და ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე მოუწოდებენ დრულად შეხვედრისაკენ. მათი შეხვედრების ინტენსივობა არ ატარებს გადაუდებელ ხასიათს და სავარაუდოდ რუსეთის ინტერესებში შედის საპატრიარქოში მიმდინარე ზოგადი პროცესები. აღსანიშნავია, რომ პიმენ ქარდავას აფხაზეთში გადასვლა ლეგალიზებული აქვს პატრიარქის პირადი დავალებებით. 

სუს-ის ფაილებში საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ ნახსენებია მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია, თუმცა, არის მხოლოდ საჯარო ცნობები. 

სუს-ი წერს, რომ კაცია სარგებლობს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობით. მისი ოჯახის წევრები: მამა და ძმა არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და რომ კაცია წლების განმავლობაში სწავლობდა და მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში. 

სხვა ფაილში, რომელიც პატრიარქის არჩევას ეხება, ვკითხულობთ შიო მუჯირის შესახებაც. 

ფაილებში ნათქვამია, რომ ამ მოვლენამ საპატრიარქოში ვითარება დაამძიმა. ფაილებში ნათქვამია, რომ ამ ფაქტს გაუჩნდა მომხრე და მოწინააღმდეგე მღვდელმთავართა საკმაოდ დიდი ჯგუფი.

„სასულიერო პირთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნიათ, რომ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ეკლესიიდან და პოლიტიკური ელიტიდან წამოსული ზეწოლის გათვალისწინებით, ასევე საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

სასულიერო წრეებში ამ გადაწყვეტილებაში ასევე ხედავენ ბიზნესმენ
ლევან ვასაძის ინტერესებსაც. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელნი ბავშვობის ასაკიდან მეგობრობენ, ხოლო ქორეპისკოპოსი ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხს ათანხმებს ლ. ვასაძესთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ბიზნესმენს აქვს ინტერესი შ. მუჯირის გაპატრიარქების, რაშიც იგი საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ხედავს“. – წერია სუს-ის დოკუმენტებში. 

ანგარიშში წერია, რომ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილება ილია მეორემ ერთპიროვნულად მიიღო, რაც ეს მოულოდნელი იყო როგორც სინოდის წევრებისთვის, ასევე, სხვა გავლენიანი სასულიერო პირებისთვის. შიო მუჯირის განმარტებით, მისთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული თანამდებობის შეთავაზება, რაც არ სურდა, თუმცა, პატრიარქის კატეგორიულობიდან გამომდინარე, დათანხმდა. 

წყარო: formulanews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal