საპატრიარქო: ვითარებამ მედიასივრცეში უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო

In other languages: ENBG UKR


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიები – „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „სიძლვილის ენის“ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება“.

„ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჟურნალისტებმა საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები 5 ივლისს ჰომოფობიური ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს. დედაქალაქში ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.

საპატრიარქოს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ „გარკვეულ გადაცდომებს ერთეული სასულიერო პირების მხრიდან“ გადაცდომას ადგილი მართლაც ჰქონდა, „მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება“. „არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან“, – ხაზი გაუსვა საპატრიარქომ.

საპატრიარქომ უცხო ქვეყნის საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში“.

„ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია, შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან“, –  აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ, რომ „მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“.


საპატრიარქოსთან ერთად, მედიის მხრიდან „ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“ ქართული ოცნების ლიდერებიც საუბრობენ. მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კანდიდატად ხელახლა წარდგენისას, ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო, თუმცა იქვე თქვა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

„არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში“, – ხაზი გაუსვა მანვე.

წყარო: civil.ge

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (22.07.2021)

დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და   უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. 

სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც. 

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას. 

მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. მაშინ, როდესაც არც კი ახსენებენ, რამდენმა მოძღვარმა გადაარჩინა იგივე ჟურნალისტები 5-6 ივლისს ძალადობისაგან. ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და  მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს. 

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.  ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების  უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ  გამოწვევები. 

მათთვის კი, ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I  მუხლი).

სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება.

ღმერთმა მოგვცეს დათმენის უნარი და ლოცვის ძალა, ამინ!

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal