ვინ ჩაახშო აფხაზეთში საეკლესიო ბუნტი?! – საეკლესიო ბუნტის მიზანი იყო ხმის მიწვდენა მოსკოვის საპატრიარქოსთვის, რათა ეგრედწოდებულ ,,აფხაზეთის ეკლესიას“ მიენიჭოს ავტონომიური ეკლესიის სტატუსი

In other languages: GR BG

10 დღის წინ აფხაზეთში სეპარარატისტულ ძალებთან შეკრულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა ბესარიონ აპლიამ საეკლესიო ბუნტი წამოიწყო.

საეკლესიო ბუნტის მიზანი იყო ხმის მიწვდენა მოსკოვის საპატრიარქოსთვის, რათა ეგრედწოდებულ ,,აფხაზეთის ეკლესიას“ მიენიჭოს ავტონომიური ეკლესიის სტატუსი.

28 თებერვალს ბუნტი შეწყდა და აპლიას დაჯგუფებამ უკანონო ღვთისმსახურება კვლავ განაგრძო მთელი ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით.

ყველას გვიჩნდება კითხვა რა მოხდა? რა დაპირების სანაცვლოდ გაჩერდა აპლია? ამ კითხვაზე პასუხი მისივე გუშინდელ ინტერვიუში განცხადდა:

აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიის აღსადგენად მოსკოვის საპატრიარქო ორგანიზებას გაუწევს ღვთისმსახურების აფხაზურ ენაზე ჩატარებას.

რუსეთში შესაბამისი ლიტერატურის დაბეჭდვა დაიწყება, მოაწესრიგდება მთარგმნელობითი კომისიის მუშაობა, აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო ინვენტარისთვის საჭირო ყველა ნივთს (საეკლესიო ჭურჭელსა და ბევრ სხვა რამეს).

მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ავტონომიური ეკლესიის ჩამოყალიბებაში, რაც ამ ეტაპზე საკმარისია, ჯერ ავტოკეფალია ნაადრევია, დიახ ჩვენ ამას მივაღწევთ და რა თქმა უნდა ქართული მხარე თანახმა არ იქნება, მათ არ ესმით რომ ამ რეგიონში (კავკასია) მართლმადიდებლობა რუსეთის გარდა არავის აღუდგენია“- აღნიშნა მღვდელმა ბესარიონ აპლიამ.

შეგახსენებთ ბესარიონ აპლია დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და დღემდე მას ეკუთვნის.

გაუგებარი და აბსურდული მიზეზების გამო იგი საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან დღემდე არ არის საეკლესიო ხარისხიდან განკვეთილი და დამხობილი, მეტიც მას ოფიციალური საპატრიარქო დეკანოზის ხარისხით იხსენებს, რომელი ხარისხიც აპლიამ სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოსგან ჯილდოდ მიიღო.

ასევე ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მოსკოვის საპატრიარქოს გავლენიანი სასულიერო პირის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფაევი) მოადგილისა და პირადი თანაშემწის, მღვდელმონაზონ გრიგოლის (სოკოლოვი) საჯარო განცხადება, რომ აფხაზეთში და ცხინვალში რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეთანხმებით მოქმედებენ.

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal