სრული სიმართლე უკრაინის საეკლესიო საკითხის შესახებ | პანტოკრატორის წმიდა მონასტერი, წმიდა მთა 2020

In other languages: GR – BG FIRO UKR EN – SRB RUS

ათონის მთის პანტოკრატორის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, ქართულ ენაზე ითარგმნა ამავე მონასტრის სტატია უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ სახელწოდებით: “სრული სიმართლე უკრაინის საეკლესიო საკითხის შესახებ”. გთავაზობთ სრულ ტექსტს:

სრული სიმართლე უკრაინის საეკლესიო საკითხის შეხახებ

ყდის ფოტოსურათი
ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება
ზაქარია კოშკის მცველისა, 1779 წ.
(პანტოკრატორის წმინდა მონასტრის ჭურჭელთსაწყობიდან)

პანტოკრატორის წმიდა მონასტერი, წმიდა მთა 2020
630 86, კარიესი, ტელ.: +3023770 23253, ფაქსი +3023770 23685

e-mail: pantokrator@pantokrator.gr

***

ნობილია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხით მთელი მართლმადიდებელი სამყაროა დაინტერესებული და არა მარტო… ეს წარმოადგენს ბოლო ათწლეულების უდიდეს საეკლესიო მოვლენას, არამხოლოდ იმიტომ, რომ დაარსდა რიგით მეთხუთმეტე მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესია, არამედ რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგობის გამოც, რომელმაც მოხსენიებისა და თანაზიარების შეწყვეტით მართლმადიდებლობაში დაყოფა გამოიწვია მორწმუნეთა შორის და ასევე მათ შორის, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას აღიარებენ.

ზოგიერთ არჩეულ კანონებზე დაყრდნობით ცდილობენ დაარწმუნონ, რომ მათ თანახმად მოქმედებენ, მაგრამ ნებსით უგულებელჰყოფენ ბევრ სხვა კანონს, თვით წმიდა ტრადიციასა და საეკლესიო პრაქტიკასაც კი, რომელებიც მათ მტკიცებულებებს უარყოფენ. ისინი კი აგრძელებენ ომს მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ და უგულებელყოფენ სახარების სიტყვებს: „და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს; ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას[1]“.

მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლების მტკიცებულებებს კი პასუხს გავცემთ, რადგან ვიცით და მონაწილეობა მივიღეთ ამ საეკლესიო პრობლემაში, რომელიც წარმოიშვა – ქვემოთ წარმოდგენილის მიზანი კი ამ საკითხის ჭეშმარიტების ჩვენება და მორწმუნეთა განათლებაა.

1. მოსკოვის საპატრიარქო აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო მათ ტერიტორიაზე შეიჭრა

988 წელს ბიზანტიელების მიერ რუსთა სახელმწიფო გაქრისტიანდა. ხალხის ნათლობა კიევის დნეპრის მდინარეში მოხდა. პირველი სამიტროპოლიტო კათედრა კიევში იყო და იმ დროიდან კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარს ექვემდებარებოდა. XIV საუკუნეში პოლიტიკური ძალა კიევიდან მოსკოვში გადავიდა. ამის მიუხედავად მთელი ეს ტერიტორია კვლავ მსოფლიო საყდრის იურსდიქციაში დარჩა. უკრაინის ტერიტორიები მაშინ პოლონეთ-ლიეტუვას სამეფოში შედიოდა. 1589 წელს მოსკოვის მიტროპოლიტმა ითხოვა და მიიღო პატრიარქის ტიტული. 1685 წელს მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ და პეტრე დიდმა მსოფლიო პატრიარქ დიონისე IV-ს სთხოვეს აღმოსავლეთ უკრაინის ეპარქიების საეკლესიო იურსდიქციაში გადაცემა, რომლებიც იქამდე დიდი რუსეთის სამეფო მმართველობაში შედიოდა. მსოფლიო პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მოსკოვის პატრიარქის მოთხოვნა, მაგრამ იკონომიის დაშვებით ხელი მოაწერა 1686 წლის ცნობილ სინოდურ აქტს.

ამ საპატრიარქო აქტით მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ეძლევა ნებართვა[2] ახლად გამორჩეული კიევის მიტროპოლიტი აკურთხოს და აღასაყდროს, მხოლოდ ერთი პირობის დაცვით, რომ კიევის მიტროპოლიტი ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე მსოფლიო პატრიარქის[3] სახელს მოიხსენიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რჩება მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. კიევის მიტროპოლიტი მოსკოვის პატრიარქის ხელდასხმით წარმოადგენდა მსოფლიო საყდრის წარმომადგენელს. 1620 წელს იგივე მეთოდით მოქმედებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა კიევში მოტროპოლიტის ხელდასხმისთვის მიავლინა. პატრიარქ თეოფანეს რა თქმა უნდა არ ჩაუთვლია, რომ კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის ეს სამიტროპოლიტო იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადავიდოდა[4].

არცერთი წერილობითი ცნობიდან მტკიცდება, რომ მსოფლიო პატრიარქმა სრულად და საბოლოოდ გადასცა კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაში და რა თქმა უნდა მტკიცდება პირიქით, რომ არ გადაუცია. გარდა ამისა, მოსკოვის საპატრიარქომ არასდროს დაიცვა ამ წერილით დადგენილი პირობები და თავის იურისდიქციაში თვითნებურად დაიქვემდებარა კიევის მიტროპოლიტი. 1945 წელს, II მსოფლიო ომის ბოლოს, საბჭოთა კავშირში ახალი ტერიტორიების დაქვემდებარების გამო უკრაინის ეკლესია ავტონომიურ ეკლესიად ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, 2000 წელს რუსეთის ეკლესიის ახალი მართვა-გამგეობის დებულებით უკრაინის ავტონომიური ეკლესია თვითმმართველ ეკლესიად გამოაცხადა, რათა ირიბად და ჩუმად მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ნაწილად წარმოეჩინა და ირიბად მის კანონიკურ ტერიტორიად შეერაცხა[5]. ამ შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქო დედაეკლესიის კურთხევის გარეშე მოქმედებდ, ხოლო მას, რაც კურთხევის გარეშე ხდება, არ აქვს კარგი დასასრული. არასდროს არ იხსენიებოდა მსოფლიო პატრიარქი [როგორც ეს იყო განსაზღვრული, როგორც წინაპირობა], რადგან, როგორც ვიცით, მოხსენიება ნიშნავს მომხსენიებლის მოხსენიებულზე სულიერ დაქვემდებარებას: მაგალითად, იმ ტერიტორიებზე სადაც, სერბეთის პატრიარქი იხსენიება, სერბეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ტერიტორიები სადაც რუმინეთის პატრიარქი იხსენიება, რუმინეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ა.შ. მსოფლიო საპატრიარქომ კი, როდესაც გადაწყვიტა უკრაინის ეკლესიას გადასცეს ავტოკეფალია, გააუქმა ამ წერილის [1686 წლის] ლეგიტიმურობა, რომელიც მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას ეკურთხებინა და აღესაყდრებინა კიევის მიტროპოლიტი.

შემდეგად ეს წერილი არ გაუქმებულა ახლა, არამედ მისი ფაქტობრივი გაუქმება პერიოდში მოხდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ. მოსკოვის საპატრიარქომ არასდროს დაიცვა ის პირობები, რომლებსაც 1686 წლის წერილი ადგენდა. ახლა კი სრულიად არ არის უჩვეულო, როდესაც რუსეთის ეკლესია არაფერს ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ საეკლეესიო სინდისზე საუბრობენ, რომელიც წესით საეკლესიო პრაქტიკიდან გამომდინარე ყალიბდენა იმ წესით, რომლითაც ეკლესია საუკუნეების განმავლობაში მოქმედებს. შესაბამისად მსოფლიო საპატრიარქო ინარჩუნებს უფლებას გააუქმოს ამ წერილის მოქმედების ძალა და მორწმუნეთა ცხონებისთვის ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს.

მსოფლიო საპატრიარქომ, მიუხედავად რუსეთის ეკლესიის მიერ თავის [კონსტანტინეპოლის] ტერიტორიაზე შეჭრისა , მხოლოდ ახლა იმოქმედა, როდესაც ამხელა ერი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე იყო მიცემული სქიზმას. ის არ მოქმედებდა მის სასარგებლოდ, რაც შეეძლო გაეკეთებინა, არამედ უკრაინელი ერის სიყვარულითა და მათზე ცხონების მინიჭებისთვის, ისეთ მომენტში, როდესაც ამის დიდი საჭიროება იყო.

1991 წელს უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ბუნებრივი იყო, რომ უკრაინის ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოს სთხოვა შესაბამისად ემოქმედა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით. 1992 წელს უკრაინის იერარქიის ყველა წევრმა ერთხმად გადაწყვიტა და ხელი მოაწერა თხოვნას ავტოკეფალიის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთის ეკლესიისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა უკრაინისთვის მიენიჭებინა ავტოკეფალია, რადგან თუ აღიარებდა, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიად, მაშინ ბევრ მნიშვნელოვან ტერიტორიას, ტაძარსა და მონასტერს დაკარგავდა, რომელიც მის ისტორიასთან კავშირში იყო, აქედან გამომდინარე მათზე გავლენაც აღარ ექნებოდა. ამიტომაც მოსკოვის საპატრიარქომ აირჩია, რომ უკრაინაში წარმოშობილიყო სქიზმა, ვიდრე გადაეცა ავტოკეფალია. მაშინ ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა: ისინი, ვინც უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს (სქიზმატები) და ისინი, ვისაც რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარება სურდათ.

მსოფლიო საპატრიარქო გამუდმებით ითხოვდა მოსკოვის საპატრიარქოსგან, რომ უკრაინის საკითხი გადაეჭრა, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ეს სურვილი არ გამოიხატა. შესაბამისად, მსოფლიო საყდარამა, როგორც დედაეკლესიამ, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე დაიწყო ქმედება, რომელსაც გააჩნდა ვალდებულება გადაეჭრა რიგი საეკლესიო საკითხები კანონიკის ფარგლებში, იმ უფლებებზე დაყრდნობით, რაც მსოფლიო საეკლესიო კრებებისგან ჰქონდა მინიჭებული უკრაინის ადგილობრივ ეკლესიაში მშვიდობის აღსადგენად „ერთბამად მოიყუანნა იგინი[6]“. ქრისტეს დიდი ეკლესიის მოსაწვევზე დათანხმებულებს გადასცა სასურველი ავტოკეფალია. თუ რუსეთის ეკლესიას სურდა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ერთობა, მაშინ ვითარება გაცილებით მარტივი იქნებოდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მოსკოვის საპატრიარქო უფრო მეტად უკრაინაში გავლენის შენარჩუნებით არის დაინტერესებული, ვიდრე უკრაინელი ხალხის კანონინიკური ეკლესიის წიაღში ყოფნის სურვილით. მოსკოვის საპატრიარქომ კი დიდი პრობლემები წარმოქმნა მსოფლიო მართლმადიდებლობაში – შეწყვიტა მოხსენიება და ევქარისტიული კავშირი თავის დედაეკლესიასთან – მსოფლიო საპატრიარქოსთან და მათთან, ვინც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარა.

მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია კი განსხვავებულია. ძალიან მარტივად შეეძლო შესაბამისი პასუხი გაეცა – უზიარებლობით დაესაჯა (ევქარისტიის გაწყვეტა) ან ნებისმიერი სახის სანქცია დაეწესებინა, მაგრამ პირიქით, მოქმედებს, როგორც ჭეშმარიტი დედაეკლესია და ამ ყველაფერს იტანს და მოთმინებით ელოდება თავისი უმადური შვილის (მოსკოვის საპატრიარქოს) გამოსწორებას. ღმერთი ამას აკურთხებს და არა – სამაგიერო ქმედების ქცევებს.

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ეს ავტოკეფალია [უკრაინის] სხვებს არ ჰგავს. ნამდვილად ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება გააჩნია, უფრო მეტად მარკურნებელ ხასიათს ატარებს. ამ ავტოკეფალიისას გვაქვს მილიონობით ადამიანის კანონიკურობაში აღდგენის შემთხვევა, რომლებიც სქიზმატები იყვენ. ასევე ამტკიცებენ, რომ ავტოკეფალიამ ვერ მოიტანა ის შედეგი, რაც მსოფლიო პატრიარქს სურდაო. კი, მაგრამ სხვა რა სურვილი უნდა ჰქონოდა გარდა მილიონობით ყოფილი სქიზმატის ხსნა?! ქრისტე რას ეძიებას? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ადამიანთა ცხონებას. რა წინააღმდეგობებიც არსებობს, ესენი დროებითია და ჩაივლის, რადგან ღვთის სურვილის საწინააღმდეგოა „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ[7]“.

2. აცხადებენ, რომ ყოფილი სქიზმატების მხრიდან არ იყო სინანული

რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ყოფილი სქიზმატები, რომლებიც აღადგინეს სასულიერო ხარისხებში, მათი მხრიდან სინანული არ ყოფილა, გულისხმობენ მიტოროპოლიტ ფილარეტსა და მიტროპოლიტ მაკარის. მათ მიერ თავიან „საეკლესიო ერთეულების“ დაშლა-გაუქმებაზე (რომელსაც ემსახურებოდნენ) ხელის მოწერა კი ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გარდა ამისა, მათ არ უარყვიათ მართლმადიდებლური რწმენა და დოგმატები. ისინი ავტოკეფალიას ითხოვდნენ, ე.ი. ადმინისტრაციულ საკითხებზე იყო საუბარი, რისი სრული უფლებაც ჰქონდათ. კიევის მიტროპოლიტ ფილარეტის მიმართ ძირითადი ბრალდება იყო ის, რომ: ა) ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მიხედვით უკრაინის ავტოკეფალიას ითხოვდნენ; ბ) მოსკოვის საპატრიარქოს ზეწოლების მიუხედავად არ გადადგა კიევის სამიტროპოლიტო კათედრიდან. მიტროპოლიტმა ფილარეტმა როდესაც სრულად გააცნობიერა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს არ სურს უკრაინას ჰქონდეს ავტოკეფალია, დააარსა სქიზმატური კიევის საპატრიარქო, რის შედეგადაც რუსეთის ეკლესიამ მიტროპოლიტი ფილარეტი განკვეთა და შეაჩვენა.

როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიტროპოლიტმა ფილარეტმა არ შეინანა?! მაშინ, როცა მისი საქციელი ჭეშმარიტ სინანულს გამოხატავს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეშალა და გაეუქმებინა „კიევის საპატრიარქო“, რომელსაც მთელი 27 წელი ემსახურებოდა. თუ არ ექნებოდა სინანული, არანაირი შანსი იქნებოდა ხელი მოეწერა „კიევის საპატრიარქოს“ გაუქმებისთვის. როდესაც რუსეთის ეკლესიაში ამბობენ, რომ მან არ შეინანა, ისინი სინამდვილეში გულისხმობენ, რომ არ შეინანა ის, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხება. მათ სურთ, რომ მიტროპოლიტმა ფილარეტმა მათგან ითხოვოს პატიება, რომლებმაც განკვეთეს. ე.ი პატიება სთხოვოს, რომ თავისი ქვეყნის ეკლესიისთვის ავტოკეფალი რომ სურდა და არა რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარება?! გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ფილარეტმა ექვსჯერ მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს აპელაციის თხოვნით, სადაც აღდგენას ითხოვდა. საბოლოოდ მსოფლიო პატრიარქმა ის აღადგინა. მისი აღდგენით კი მილიონობით უკრაინელი აღადგინა, რომლებიც ასევე სქიზმაში იყვნენ, რადგან კიევის სქიზმატურ საპატრიარქოს მიეკუთვნებოდნენ. შესაძლოა აღდგენის შემდეგ აზრი შეიცვალა, მაგრამ ეს მისი შემდგომი პიროვნული შეხედულებაა.

მიტროპოლიტ ფილარეტის გარდა, მსოფლიო საპატრიაქომ მიტროპოლიტი მაკარიც აღადგინა, რომელსაც ბრალს სდებენ, რომ თვითხელდასხმულია. მისი აღდგენით ასევე მილიონობით მორწმუნე აღადგინა, რომლებიც უკრაინის [ძველ] სქიზმატურ ავტოკეფალურ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ [რომელსაც მიტროპოლიტი მაკარი მართავდა], მაგრამ მიტროპოლიტ მაკარის უსამართლოდ დაბრალდა, რომ თითქოს თვითხელდასხმული იყო. მისი ხელდასხმის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მსოფლიო საპატრიარქოშია. მიტროპოლიტი მაკარი მოთმინებით უძლებდა და უძლებს სასტიკ და უსამართლო ცილისწამებას. ეს კი მას განწმედს. პატივმოყვარეობის გარეშე (მარტივად შეეძლო ბევრი „უფლება“ მოეთხოვა, როგორც ყოფილი სქიზმატური ეკლესიის მეთაურს) მისი სამწყოსა და ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომობს.

აუცილებელი იყო ვინმე დაინტერესებულიყო ამ მილიონობით მორწმუნეთი. მიეტოვებინა 99 ცხვარი და ერთი დაკარგულის საძებნელად წასულიყო[8]. ყველა ელოდა, რომ ამ პრობლემა რუსეთის ეკლესია გადაჭრიდა, მაგრამ ამაოდ. 27 წელია მილიონობით უკრაინელი სქიზმაში იყო. წესით ჩვენ ყველას უნდა გვიხაროდეს, რადგან უკრაინელმა ერმა მთელი თავისი სისავსით ჰპოვა „გზა ჭეშმარიტებისა[9]“. ქრისტეს ეკლესია მილიონობით ახალ წევრს ითვლის.

ნებისმიერ შემთხვევაში ეკლესია სინანულს მხოლოდ „კიდეშესაკრებულობის“ შემთხვევაში ითხოვს (იხ. ბასილი დიდის I კანონი), რადგან ამის მომწყობნი თვითნებურ კრებას იწვევენ და კანონიკურ ეკლესიას შეაჩვენებენ, ამიტომ მათ მისაღებად ეკლესიაში აუცილებელია სინანული – წერილობითი ან სიტყვიერი.

3. აცხადებენ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ აქვს უფლება სხვა საპატრიარქოებიდან მოსულთ მისცეს აპელაცია

მსოფლიო საპატრიარქოს არ უღიარებია სქიზმა, როგორც ამას რუსეთის ეკლესიაში ამტკიცებენ, არამედ განკურნა ის. აქედან გამომდინარე უკრაინაში არცერთი სქიზმატი აღარ არსებობს. მსოფლიო საპატრიარქოს ჰქონდა მათი აღდგენის უფლება, რადგან, როგორც დამტკიცდა უკრაინა მის იურისდიქციაში შედიოდა. გარდა ამისა, ეკლესიამ მსოფლიო კრებების მეშვეობით მსოფლიო საპატრიარქოს მიანიჭა უფლება, როგორც თანასწორთა შორის პირველ ეკლესიას, ჩაერიოს იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება და განიხილოს სააპელაციო საკითხები სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან, განსაჯოს და დაალაგოს რიგი საკითხები[10]. მას გააჩნია პასუხისმგებლობა ეკლესიის წიაღში აღადგინოს ერეტიკოსები და სქიზმატები[11]. საკითხებს არეგულირებს, როგორც ერთი უმაღლესი სასამართო. ეს პრივილეგია და უფლება უძველესი დროიდან აქვს, როდესაც რომის პაპი განსჯიდა საკითხებს, რომლებიც სხვა საპატრიარქოებს ეხებოდა. აპელაციის შესახებ უფლება – მიიღოს საჩივრები აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქო საყდრებიდან კავშირშია IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე კანონთან, რომლის თანახმადაც ახალი რომის საყდარს ეძლევა რომის საყდრის „თანაბარი უფლებები [პრივილეგიები]“[12]. იგივე მტკიცდება ამავე მსოფლიო კრების IX და XVII კანონებით[13]. რუსეთის ეკლესია ეყრდნობა XII საუკუნის კანონისტის, იოანე ზონარას მხოლოდ ერთ კომენტარს XVII კანონზე, რომელიც უკვე ვახსენეთ (οὐ γὰρ δεῖ καὶ τοὺς ἄκοντας ἑλκῦσαι δικάσαι παρ᾽ αὐτῷ -რამეთუ არ უნდა მოვიხმოთ ისინი, ვისაც საკუთარი სურვილით არ სურს [მოსვლა], რათა განსაჯონ ამის [მსოფლიო პატრიარქის] მიერ“)[14], თუმცა, ის წინააღმდეგობაში მოდიოდა იგივე კანონის[15] სხვა განმმარტებლებთან, მაგრამ ასევე წმიდა ტრადიციასა და საეკლესიო პრაქტიკასთან, რომლებიც ყოველ განმმარტებელზე მაღლა დგანან. ეს წესი იმდენად დამკვიდრებული იყო ეკლესიის წმიდა ტრადიციაში, როდესაც 1663 წელს რუსმა სასულიერო დასმა აღმოსავლეთის პატრიარქებს მიმართა კითხვით, აქვს თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს უფლება განსაჯოს სხვა ადგილობრივ ეკლესიათა საკითხები, ყველა პატრიარქმა ერთხმად უპასუხეს, რომ მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს აქვს ამის უფლება[16].

ეკლესიის ისტორია აღსავსეა სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მსოფლიო საპატრიარქოზე აპელაციის თხოვნით მიმართვის შემთხვევებით. რა თქმა უნდა მოსკოვის საპატრიარქოსაც აქვს მიმართული აპელაციის თხოვნით მსოფლიო საყდრისთვის პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც რუსეთის ეკლესიაში არსებობდა. მაგალითად, პეტრე დიდი ზეწოლას ახდენდა რუსეთის პატრიარქ ადრიანეზე (1690-1700) და აძალებდა ლათინთმოყვარე დიონისე ეკურთხებინა ლუცკის ეპისკოპოსად, პატრიარქმა ადრიანემ მაშინვე საჭიროდ ჩათვალა მსოფლიო პატრიარქის ჩარევა ამ პრობლემის გადასაჭრელად[17]. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში დღემდე არ არსებობს გამონაკლისი, სადაც გამოჩნდებოდა, რომ აპელაციის თხოვნით რომელიმე სხვა მწყემსმთავარს მიმართეს გარდა მსოფლიო პატრიარქისა. მოსკოვის საპატრიარქო კი ნებისმიერი მეთოდიც ცდილობს მსოფლიო საპატრიარქოს ეს უფლება დაარღვიოს და თვითონ მიიღოს აპელაციის თხოვნა და განკვეთილი კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი აღადგინოს საეკლესიო ერთობაში. ის, ვინც აღიარებს მსოფლიო საპატრიარქოს ამ უფლებას (აპელაციის), მაშინ აღიარებს უკრაინის ყოფილ სქიზმატთა აღდგენასაც.

4. აცხადებენ, რომ არ არის ძალაში ყოფილი სქიზმატების აღდგენა და ისინი კვლავ სქიზმატებად რჩებიან

სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესია უგულვებელყოფს (ალბათ მიზანმიმართულად) მრავალ შესაბამის და ურთულეს შემთხვევებს, რომლემბიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათასწლეული ისტორიის განმავლობაში დაძლია. მაშ, მიმოვიხილოთ ასეთი რამდენიმე შემთხვევა:

ა) წმიდა კირილე იერუსალიმელი ეპისკოპოსად არიანელების მიერ ეკურთხა. როდესაც მართლმადიდებლობაში მოვიდა, მღვდელმთავრად მიიღო ეკლესიამ, არა მარტო ის, არამედ ასევე ყველა მის მიერ ხელდასხმული, ყოველგვარი ხელახალი ხელდასხმის გარეშე.

ბ) ყველა ის, ვინც ერეტიკოსი პეტრე მონგოს მიერ ეკურთხა, ევტიქიანელთა ერესიდან განშორებისა და ქალკედონის კრების აღიარების შემდეგ, ყველა მათგანი ქრისტეს ეკლესიაში მიიღეს და მათი სასულიერო ხარისხები შეუნარჩუნდათ და არ მოხდა ხელახლა ხელდასხმა.

გ) წმიდა საბა განმწმენდილის ცხოვრებაში ვკითხულობთ, როდესაც იერუსალიმის პატრიარქმა ილიამ მიიძინა, საპატრიარქო ტახტზე [ერეტიკოსმა] სევერიანელებმა მათი თანამოაზრე იოანე აირჩიეს, რომელმაც მოგვიანებით წმიდა საბა და თეოდოსის მითითების მართლმადიდებლური რწმენა მიიღო. მას ხელდასხმა ერეტიკოსებისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ არ მომხდარა თავიდან ხელდასხმა[18].

ასევე მსგავსი მოხდა ბულგარეთის ეკლესიაში, რომელიც 75 წლის მანძილზე სქიზმაში იყო. 1945 წელს სქიზმა დაემხო და ყველა მათი ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სქიზმატები იყვნენ, ხელახალი ხელდასხმის გარეშე მიიღო ეკლესიამ.

ასევე უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ წმიდა ეფრემ კატუნაკელი, ეკლესიის ახალი წმიდანი მღვდლად 1936 წელს ძველმესტილე კიკლადის ეპისკოპოს გერმანეს მიერ ეკურთხა, რომელიც ეკლესიის მიერ განკვეთილი იყო [მღვდელმთავრებმა, რომლებმაც აღასრულეს გერმანეს ეპისკოპოსად კურთხევა კანონიკურმა ეკლესიამ განკვეთა და სწორედ განკვეთის მერე ეკურთხა გერმანეც]. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ეფრემი არ იყო ხელდასხმული კანონიკურ მღვდელმთავრის მიერ, ეკლესიამ თავის წიაღში ხელახალი ხელდასხმის გარეშე მიიღო (გამოცხადების შემდეგ, რომელიც წმიდა იოსებ ისიქასტს ჰქონდა, რომლის შედეგად მან და წმიდა ეფრემ კატუნაკელმაც მიატოვეს რადიკალიზმი) და წმიდათა დასში შეიყვანა[19].

უსამართლოა, როდესაც მოსკოვის საპატრიარქო განიკითხავს მსოფლიო საპატრიარქოს, ანტიკანონიკური ხელმდასხმების აღიარების გამო, მაშინ, როცა 2007 წელს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის (ROCOR) აღიარებით, ზუსტად იგივე გააკეთა მოსკოვმა. აღიარა ისინი, ვინც თითქმის ერთი საუკუნე სქიზმატებად მიიჩნეოდნენ და აღადგინა ერთი უბრალო ხელმოწერით[20] და ერთობის გამო მიიღო მათი საუდმლოებებიც, სამოციქულო მემკვიდრეობაზე კი არაფერი უთქვამთ.

ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა ცხონებისა და ერთობისათვის ასეთ განჩინებებს იკონომიით იღებდა. ეკლესია სოტეროლოგიურად მოქმედებს და არა რაციონალურად. ეკლესიის მიზანია ადამიანთა ცხონება. ეკლესია ფიქრობს, როგორ აცხოვნოს და არა როგორ დასაჯოს. კანონებს არ შეუქმნიათ ეკლესია, არამედ ეკლესიამ შექმნა კანონები და სადაც საჭიროება იქნება, „რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების[21]“. როგორც ვიხილეთ გვაქვს უფრო მეტად სკანდალური შემთხვევები, როდესაც ეკლესიამ აღიარა ერეტიკოსების მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსების ქიროტონიები, რომლებმაც ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენეს. უკრაინის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივი საკითხია, ვიდრე ისინი, რომლებსაც ეკლესიამ წარსულში წინააღმდეგობა გაუწია და გადალახა (ერეტიკოსებთან დაკავშირებით). აქ [უკრაინის შემთხვევაში] განსხვავებები ადმინისტრაციულ საკითხებს შეეხება (ავტოკეფალიის თხოვნა) და არა დოგმატურ. წარსულის შემთხვევებში კი ეკლესიამ აღიარა იმათი ხელდასხმები, რომლებსაც დოგმატური სხვაობა ჰქონდათ და ერეტიკოსები იყვნენ.

ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკლესიამ აერონათლობა აღიარა, რომელსაც ერისკაცები აღასრულებენ ჩვილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ასევე წმიდა ათანასე დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, როდესაც ერთმა ბავშმა თამაშით სხვა ბავშვები მონათლა, ეკლესიამ აღიარა ეს ნათლობა[22]. სული წმიდა „ვიდრეცა უნებნ, ქრინ[23]“. არ არსებობს ლოგიკური განმარტება. არ შეუძლია ღმერთს „აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა?[24]“.

5. აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს იყო პირველი თანასწორთა გარეშე და ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთის პაპს“

ცნობილია, რომ მსოფლიო პატრიარქის უპირატესობის პატივი [უფლებები] მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ არის დამტკიცებული. IV და VI მსოფლიო კრებების განჩინებების თანახმად, კონსტანტინეპოლის პატრიარქს ეძლევა რომის პაპის თანაბარი უპირატესობის პატივი [უფლებები]. ეკლესიათა სქიზმის შემდეგ (1054) ეს უპირატესობა მხოლოდ კონსტანტინოპოლელს დარჩა. ისტორია და მსოფლიო კრებათა კანონები მიგვითითებენ მსოფლიო საპატრიარქოს პირველობის როლზე, მაგრამ ასევე ამ როლის შინაარსზე[25]. უპირატესობის პატივი (უფლებები) არ არის ერთი უბრალო უპირატესობა, არამედ მას გააჩნია კანონიკური უფლებები, რომელთა შორის ავტოკეფალიის გადაცემაც არის. ყველა ავტოკეფალიები და საპატრიარქო პატივები უახლესმა ეკლესიებმა სწორედ მსოფლიო საპატრიარქოდან მიიღეს, დაწყებული რუსეთიდან (XVI ს.) დამთავრებული უკრაინამდე[26], გარდა საქართველოსა და კვიპროსისა. ახლა კი მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის საკითხში ითხოვს, რომ ავტოკეფალია მხოლოდ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შეთანხმებით გადაეცეს, რომელიმე პანორთოდოქსული კრების მეშვეობით. მაგრამ არცერთი ავტოკეფალია გადაცემულა პანორთოდოქსული კრების მიერ, რადგან ეს მსოფლიო საპატრიარქოს ექსკლუზიური უფლებაა.

გადაწყვეტილებებს არ იღებს მხოლოდ მსოფლიო პატრიარქი, არამედ მასთან ერთად წმიდა სინოდი, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სინოდურობა, არ არსებობს პაპის უცდომელობა. სინოდური მღვდელმთავართა მოთხოვით მრავალი განჩინება შეცვლილა. ეს არის ჯანმრთელი სისტემა, როდესაც სინოდის მღვდელმთავრები დროთა განმავლობაში იცვლებიან, რაც განჩინებათა ობიექტურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს.

მოსკოვის საპატრიარქოს სურს გააუქმოს მსოფლიო საპატრიარქოს უფლებები, რომლებიც ეკლესიამ მსოფლიო კრებების მეშვეობით უბოძა და ცდილობს სინოდის ახალი სისტემა შექმნას, რომელიც შეეცადა შეექმნა იერუსალიმის საპატრიარქოსთან თანხმობაში. ასეთი შეხვედრა შედგა იორდანიაში, ამანში, რომელიც ბუნებრივია განწირული იყო წარუმატებლობისთვის, რადგან ამ შეხვედრას არანაირი კავშირი არ ჰქონია ეკლესიის წმიდა ტრადიციასთან. უკვე ცხადია, რომ ზოგიერეთებს არ შეუძლიათ ან არ სურთ მიყვნენ წმიდა ტრადიციისა და ეკლესიის ისტორიის გაკვალულ და უსაფრთხო გზას და კრებათა ჩასატარებლად ახალ „პლატფორმებს“ ეძებენ.

უდავოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის თავი ქრისტეა და უეჭველად მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ არსებობდა სინოდურობა, მაგრამ ყოველ კრებაზე ერთია ის, ვინც იწვევს და თავმჯდომარეობს მას. მოსკოვის საპატრიარქოში – პატრიარქი კირილე, სერბეთის საპატიარქოში – პატრიარქი ირინეოსი, საბერძნეთის ავტოკეფალურ ეკლესიაში – მთავარეპისკოპოსი იერონიმე და ა.შ. ასე, დამკვიდრებული კანონიკური ტრადიციის და საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მწყემსმთავართა კრებაზე, მომწვევი და თავმჯდომარე მუდამ მსოფლიო პატრიარქი არის.

ისმის სხვადასხვა აზრი, რომელთაც არანაირი კავშირი აქვთ ეკლესიის წმიდა ტრადიციასთან. იმასაც ამბობენ, „რომ ამანის შეხვედრაზე ყველა თანაბარი იყო, მჯდომარენი მრგვალი მაგიდის ირგვლივ, ასეა სწორი და ასე უნდა ხდებოდეს პანორთოდოქსული კრებების. თავმჯდომარის გარეშე, რადგან თავი თვით ქრისტეა“. არავის უარყვია, რომ ეკლესიის თავი ქრისტეა, მაგრამ ეს ყოველივე [ზემოაღნიშნული] უცხო და საშიშია მართლმადიდებელი ტრადიციისთვის. არასდროს მოქცეულა ეკლესია ასე. ყოვეთვის არსებობდა პირველი – ქრისტეს მსგავსად და მის ადგილზე. მაგალითად ამას ვხედავთ საღმრთო ლიტურგიაზე, როდესაც ყოველთვის ერთია, რომელიც უძღვება და აღასრულებს საიდუმლოს [ევქარისტიას]. შესაძლოა ხარისხით ყველა თანაბარი იყოს, მაგრამ ვინმე უნდა იყოს პირველი ქრისტეს ადგილზე. თვით იერუსალიმის პირველ სამოციქულო კრებაზეც იყო ერთი თავმჯდომარე – წმიდა იაკობი, უფლის ძმა. ყველა მოციქული იყო, მაგრამ ერთი იყო კრების თავმჯდომარე, რომელიც წარმართავდა მსჯელობას. შეუძლებელია კრებას არ გააჩნდეს თავი [თავმჯდომარე].

ამანის შეხვედრაზე ვხვდებით მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტრადიციაზე მიყენებულ ჭრილობას. ამ „ძმური შეხვედრის“ ყველა ორგანიზატორის ზრახვები უკვე ნათელია. მიზანი იყო (და არის) მართლმადიდებლობაში მსოფლიო საპატრიარქოს როლის დაქვეითება. სურთ მსოფლიო საპატრიარქოს აღარ ჰქონდეს საეკლესიო საკითხების დამრეგულირებლის როლი, გადასცემდეს ავტოკეფალიებს, მიიღოს საჩივარი სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან და აპელაცია გაუწიოს. სურთ მხოლოდ პირველობის პატივი დარჩეს, ყოველგვარი სხვა უფლებების გარეშე, რომლებიც ეკლესიამ მსოფლიო კრებების მეშვეობით უბოძა. ჩვენ კი გვსურს დავიცვათ ის, რაც ეკლესიამ გადმოგვცა. ყველაფერი დანარჩენი წარმოადგენს საშიშ მოდერნიზმს და აზრებს, რომლებიც წუხდებიან მსოფლიო პატრიარქის იმ უფლებების გამო, რაც ეკლესიამ გადასცა. მნიშვნელოვანია ის, რომ მას [მსოფლიო პატრიარქს] თვითონ არ გადაუცია საკუთარი თავისთვის, არც უთხოვია, არამედ ეს მსოფლიო კრებებმა გადასცეს. სამწუხაროდ, ვინც უარყოფს ამას [მსოფლიო პატრიარქის უფლებებს], ის პირველ რიგში მრავალი ღმერთშემოსილი მამის განჩინებას უარყოფს. ყველაფერი ეს კი წარმოადგენს სულიწმიდის ნაყოფს, რომელიც [სულიწმიდა] სრული ღმერთია და ის, რაც ღმერთმა შექმნა, არის სრულყოფილი და არ საჭიროებს შესწორებას. შეუძლებელია ის უკეთესი გახდეს. თუ ჩავერევით [და ვეცდებით მის შესწორებას], მხოლოდ უარესს გავაკეთებთ.

შესაბამისად პატრიარქი არ არის არც პაპი და არც პირველი თანასწორთა გარეშე. იმაზე მეტს არაფერს აკეთებს, რაც ეკლესიამ გადასცა [უფლებები], რაც პასუხისმგებლობას ანიჭებს, იმოქმედოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის სასიკეთოდ[27].

6. აცხადებენ, რომ მართლები არიან, როდესაც ადგილობრივი ეკლესიები არ აღიარებენ ყოფილ სქიზმატებს

ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება წარმოადგენს ვრცელ პროცესს, რომელიც შეიძლება ათეული წელი გაგრძელდეს. მაგალითად ბულგარეთის საპატრიარქო 75 წლის შემდეგ აღიარა ყველამ, ასევე პოლონეთის ეკლესია სრულად 24 წლის შემდეგ იქნა აღიარებული.

იმ ეკლესიებთან, რომლებმაც აღიარეს უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა, ეკონომიკური დახმარება შეუწყვიტა და დაემუქრა, რომ უკანონოდ შეიჭრებოდა მათ ტერიტორიებზე და ადგილობრივი მღვდელმთვრის კურთხევის გარეშე სამრევლოებს დაარსებდა. მოხსენიებისა და ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა არის ის ზომები, რომლებსაც ეკლესია პედაგოგიური მიზნით მიმართავს ხოლმე. სამწუხაროდ რუსეთის ეკლესიის შემთხვევაში ვხედავთ, რომ შურისმაძიებელ საშუალებებს იყენებს მათ წინააღმდეგ ვინც არ ეთანხმება მათ პირად ზრახვებს.

საბერძნეთის ეკლესიის შემთხვევაში, რომელმაც აღიარა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, რუსეთის ეკლესია შემდეგნაირად მოიქცა: ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა იმ სამიტროპოლიტოებთან, რომლის მიტროპოლიტებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას, ხოლო მათთან შეინარჩუნა ევქარისტიული კავშირი, რომელთაც არ დაუჭირეს მხარი. აქ ნათლად ვხედავთ რუსეთის ეკლესიის მცდელობას საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტებს შორის გამოიწვიოს დაყოფა[28], მაგრამ ასევე ვხედავთ თუ როგორ ირიბად აფრთხილებს დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებს, რა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს რუსეთის ეკლესიამ მათ ტერიტორიებზე. სწორედ ისე, როგორც უკვე გამოიწვია მსოფლიო მართლმადიდებლობაში რუსი მორწმუნეების მათთგან მოწყვეტა, რომელთაც აღიარეს უკრაინის ეკლესია.

დასკვნა

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო თავისი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მოქმედებს, როგორც თანასწორთა შორის პირველი ეკლესია. მან მიიღო პასუხისმგებლობა იმ უფლებებიდან, რაც მსოფლიო კრებებმა გადასცეს. მსოფლიო პატრიარქმა კი იცის, რომ თუ ამ მილიონობით მორწნუნეს სქიზმაში მიატოვებდა, ღმერთის წინაშე პასუხს აგებდა. მისი მოვალეობა იყო გადაეჭრა ეს პრობლემა.

უკრაინის საეკლესიო საკითხი შეგვიძლია უფლის საწაულებთან დავაკავშიროთ. ფარისევლები ხედავდნენ სასწაულებს, მაგრამ უფალს ბრალს სდებდნენ, რომ შაბათს არღვევდა. რჯულის დადგენილებებზე იყვნენ მიჯაჭვულნი[29]. არ შეეძლოთ გაეგოთ ღვთის დიდებულება, ვერ ხვდებოდნენ, რომ ის რჯულზე მაღლაც იდგა. ეშმაკეულობას აბრალებდნენ[30], მაგრამ ის ადამიანებს კურნავდა.

ვხედავთ, რომ რუსეთის ეკლესია ზუსტად იგივეს აკეთებს, რაშიც მსოფლიო საპატრიარქოს ბრალს სდებს:

ა) ბრალს სდებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო მის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაშინ როცა უკრაინა, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნოდა, თავად შეიერთა და აგრძელებს იმ ტერიტორიებში შეჭრას, რაც მას არ ეკუთვნის. ამას დამატებითად ყველა ადგილობრივ ეკლესიას ემუქრება მათ იურისდიქციაში შეჭრით, ვინც უკრაინის ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას აღიარებს.

ბ) ბრალს სდებს ყოფილი სქიზმატების აღიარების გამო, მაშინ როცა მან ზუსტად იგივე გააკეთა დიასპორული რუსეთის ეკლესიის (ROCOR) მიღებით.

გ) არასწორად ახსენებს საეკლესიო სინდისს, მაშინ, როცა ეკლესიის წმიდა ტრადიციას უარყოფს, რომელიც მსოფლო საპატრიარქოს როლზე გვესაუბრება და რუსეთის ეკლესია მოქმედებს დამკვიდრებული კანონიკური ტრადიციისა და საეკლესიო პრაქტიკისთვის უცხო ქმედებებით.

დ) ბრალს სდებს მსოფლიო პატრიარქს, რომ თითქოს სურს იყოს პირველი თანასწორთა გარეშე, მაშინ, როცა მსოფლიო საპატრიარქოს როლის დაკნინებას კრებების მოწვევით (რისი კანონიკური უფლებაც არ აქვს) ცდილობს, რათა თვითონ ჰქონდეს მართლმადიდებლობაში სხვადასხვა საკითხების განმსაზღვრელის როლი [იხ. 1948 წლის მოსკოვის ცრუკრება].

ე) ბრალს სდებს მსოფლიო საპატრიარქოს, რომ თითქოს სქიზმა წარმოშვა, მაშინ, როცა თვითონ აკრძალა ზიარება [მსოფლიო საპატრიარქოსთან] და იმ მწყემსმთავართა მოხსენიება შეყვიტა, ვინც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარა. სქიზმა სწორედ რუსეთის ეკლესიიდან წარმოიშვა და არა მსოფლიო საპატრიარქოდან. ყველა ადგილობრივ ეკლესიას აქვს ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან, ხოლო რუსეთის ეკლესიამ გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი.

ფაქტია, რომ უკრანის ავტოკეფალიის საკითხი უკვე დასრულებულ საეკლესიო აქტს წარმოადგენს და დროა ნელ-ნელა ყველა ჩვენგანმა ეს მიიღოს. უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას დედაეკლესიის [კონსტანტინოპოლის] კურთხევა აქვს, რომელმაც დანარჩენ ეკლესიებს იგივე გზით (საქართველოსა და კვიპროსის გარდა) გადასცა ავტოკეფალიები. დრო ყველაფერს გამოაჩენს.

ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მსოფლიო პატრიარქის განკითხვითა და ლანძღვით სარწმუნოების აღმსარებლები არიან. მაგრამ ნამდვილი აღმსარებლობა ჭეშმარიტების მხარდაჭერაა, რომელსაც ეკლესიის წმიდა კანონები და წმიდა ტრადიცია ადგენს. უკრაინის კონკრეტულ საკითხში ეს მხარდაჭერა მსოფლიო საპატრიარქოს უნდა ჰქონდეს, რომელიც სწორედ მათ [წმიდა კანონებისა და საეკლესიო ტრადიციის] თანახმად მოქმედებდა. ასე ექცეოდნენ წმიდანებსაც, ცილს სწამებდნენ, ბრალს სდებდნენ, ლანძღავდნენ და ისინი კი პატიობდნენ და მათ მტრებს აკურთხევდნენ. ზუსტად იგივე ხდება იმ ადამიანების შემთხვევაშიც, რომელთაც ჰგონიათ, რომ მართლმადიდებლობისთვის იღვწიან და მსოფლიო პატრიარქის ლანძღვითა და ცილისწამებით სარწმუნოებას აღიარებენ, რომელიც ყველა მათგანს ლოცავს. „ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით. რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს[31]“. რამდენიც არ უნდა განიკითხონ და ისე გააკეთონ, რომ სამყარომ ის შეიძულოს, ამას მაინც ვერ მიაღწევენ, რადგან ღმერთმა იცის ჭეშმარიტება.

თუ ვინმე ობიექტთურად მიუდგება ამ საკითხებს, გაიგებს თუ სად არის ჭეშმარიტება და შეიცნობს თუ რა არის ღვთის ნება. თუ ვინმე კეთილგანწყობილია და სწამს, რომ უცდომელობა არ უპყრია ხელთ, მაშინ ალბათ უნდა დაფიქრდეს, რომ ის აზრები, რაც მას გააჩნია, შესაძლოა მცდარია. უბედურება ის არის, როდესაც ადამიანს სწამს, რომ შეცდომას არ უშვებს და ის რჩება თავის მოსაზრებებზე, რომლებიც მისი აზრით სწორია.

ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ასეთი სახის პრობლემები, რადგან სადაც ადამიანია, იქ პრობლემებიცაა, მაგრამ ის ყოველთვის წინ მიიწევს, ეყრდნობა წმიდა წერილს, მის წმიდა ტრადიციებსა და ღვთისმოშიში მამების დამკვიდრებულ სწავლებას.

მღვდელმონაზონი ნიკიტა პანტოკრატორელი
თარგმნა თესალონიკის არისტოტელეს არისტოტელეს უნივერსიტეტის კანონიკური სამართლის მაგისტრანტმა ნიკოლოზ გურგენიძემ

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის თავმჯდომარეობით შედგა წმიდა სინოდის რეგულარული სხომა 2018 წლის 9-11 ოქტომბერს. კრებამ განიხილა და იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.

წმიდა სხეული [სინოდი] განსაკუთრებით უკრაინის ხანგრძლივი საეკლესიო საკითხით დაკავდა, უკრაინაში წარგზავნილ ეგზარქოსთა თანდასწრებით, ე.ი. ყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი პამფილიისა დანიელი და ღვთისმოყვარე ეპისკოპოსი ედმონტონისა ილარიონი და სიღრმისეული დისკუსიების შემდეგ, განაჩინა:

1) განაახლოს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული განჩინება უკრაინის ეკლესიაზე ავტოკეფალიის გადაცემასთან დაკავშირებით.

2) ქალაქ კიევში აღადგინოს მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რომელიც უკრაინაში იმ მრავალთაგან ერთ-ერთია, რაც გასულ საუკუნეებში არსებობდა.

3) კონსტანტინეპოლის პატრიარქის კანონიკური უფლებების თანახმად იღებდეს მღვდელმთვრებსა და სხვა სასულიერო პირთა საჩივრებს და აპელაციის თხოვნით მიმართვებს ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან, მიიღოს ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათ თანა მყოფთა შესაბამისი თხოვნა, რომლებიც არადოგმატური მიზეზების გამო სქიზმაში აღმოჩნდნენ და აღადგინოს ისინი სამღვდელმთავრო ან სამღვდელო ხარისხებში, ხოლო მორწმუნეები მიიღოს საეკლესიო დასში.

4) გააუქმოს 1686 წლის სინოდური ნებართვის წერილი, რომელიც იმ პერიოდის ვითარებიდან გამომდინარე გამოიცა, რომლის მიხედვითაც იკონომიის დაშვებით მოსკოვის პატრიარქს ეძლეოდა უფლება ეკურთხებინა კიევის მაშინდელი მიტროპოლიტი, მისი [კიევის] სასულიერო-საერო კრების მიერ გამორჩეული, რომლის [კიევის მიტროპოლიტის] ვალდებულება იყო პირველად მოეხსენიებინა მსოფლიო პატრიარქის სახელი, მასზე კანონიკური დაქვემდებარების ნიშნად.

5) მოუწოდოს ყველა მხარეს თავი შეიკაონ ტაძრების, მონასტრებისა და სხვა პირადი ქონების მითვისების და ასევე ნებისმიერი სახის ძალადობისა და შურისძიებისგან, მშვიდობისა და ქრისტესმიერი სიყვარულის დამკვიდრებისთვის.


[1] საქმ. 5, 38-39.

[2] „მოსკოვის უნეტარეს პატრიარქს ეძლევა უფლება ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს“ და „მას ეს ნებართვა იკონომიით ეძლევა“.

[3]

[4] ალ. მასავეტა, მესამე რომი. მოსკოვი და მართლმადიდებლობის საყდარი, ათენი 2019, გვ. 161-162 [Αλ. Μασσαβέτα, Η Τρίτη Ρώμη. Η Μόσχα και ο Θρόνος της Ορθοδοξίας, Αθήνα 2019, σ. 161-162].

[5] ვ. ფიდასი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხები უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით, ათენი 2019, გვ. 26 [Β. Φειδά, Το ζήτημα της Αυτοκεφαλίας της Ορθοδόξου Εκκλησίας της Ουκρανίας εκ πηγών αψευδών, Αθήναι 2019, σ. 26.

[6] იხ. სულთმოფენობის კონდაკი.

[7] I ტიმ. 2, 4.

[8] ლუკ. 15, 4.

[9] საქმ. 16, 17.

[10] არქიმ. კალინიკე (დელინაკისი), საპატრიარქოს არქივთსაცავის წიგნებში შემორჩენილი ოფიციალური საეკლესიო დოკუმენტები, რომლებიც ეხება მსოფლიო საპატრიარქოს ურთიერთობებს ალესანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და კვიპროსის ეკლესიებთან (1574–1863), შეიკრიბა და დალაგდა მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის მსოფლიო პატრიარქის იოაკიმე III-ის ბრძანებით, კონსტანტინოპოლში 1904 წელს, გვ. 4–5: [Αρχιμ. Καλλίνικου Δελικάνη, Τὰ ἐν τοῖς κώδιξι τοῦ Πατριαρχικοῦ Ἀρχειοφυλακίου σωζόμενα ἐπίσημα ἐκκλησιαστικὰ ἔγγραφα, τὰ  φορῶντα εἰς τὰς σχέσεις τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριαρχείου πρὸς τὰ Ἐκκλησίας Ἀλεξανδρείας, Ἀντιοχείας, Ἱεροσολύμων καὶ Κύπρου (1574-1863) περισυλλεγέντα καὶ συναρμολογηθέντα κελεύσει τῆς Α.Θ. Παναγιότητος τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου Ἰωακεὶμ τοῦ Γ´, ἐν Κωνσταντινουπόλει 1904, σ. δ´-ε] „არა მხოლოდ დოგმატებთან დაკავშირებით… არამედ თითოეულ კონკრეტულ შედარებით მნიშვნელოვან საკითხზეც კი, რომელიც აინტერესებს ამა თუ იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ზრუნავს და ეხმარება ქრისტეს დიდი ეკლესია, რომელიც ერევა – ხან თავის ნებით როგორც ვალდებული, ხან დაინტერესებულთა მოთხოვნით – და აძლევს ეფექტურ რჩევებს გასარჩევად და გადასაჭრელად პრობლემებისა, რომლნიც თავს იჩენენ ღვთის წმიდა ეკლესიებს შორის, მწყემსისა და სამწყსოს შორის უთანხმოებათა მოსაწესრიგებელად…“.

[11] მათეოს ვლასტარის, კრებული საღმრთო და წმიდა კანონებში შეტანილი თითოეული საკითხის დეტალებისა, გამომც. გ. რალლი – მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონთა კრებული, ათენი 1859, ტ. II, გვ. 7: [Ματθαίου Βλαστάρεως, Σύνταγμα κατά στοιχείων τῶν ἐμπεριειλημμένων ἁπασῶν ὑποθέσεων τοῖς θείοις καὶ ἱεροῖς κανόσι, εκδ. Γ. Ράλλη – Μ. Ποτλῆ, Σύνταγμα τῶν θείων καὶ ἱερῶν κανόνων, ἐν Ἀθήναις 1859, τ. ΙΙ, σ. ζ´] „ხოლო კონსტანტინოპოლის საყდრის მმართველს ძალუძს… სხვა საყდრებზე მიმდინარე წინააღმდეგობებსაც მიხედოს და აღადგინოს და ბოლო მოუღოს აზრთა სხვადასვაობებს; ასე რომ, მხოლოდ იგია განმრჩეველი და მსაჯული სინანულისა შეცოდებათა და დაბრუნებისა მწვალებლობათა“.

[12] „ხუცესი რომის საყდარს, იმის გამო რომ ის ქალაქი მეფობდა, წმიდა მამებმა სწორაზროვნად მისცეს პრივილეგიები. და ამავე ხედვით იმოქმედეს ასორმოცდაათმა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსმა და უბოძეს თანაბარი პრივილეგიები ახალი რომის უწმიდეს საყდარს“.

[13] IX კანონი: „თუ სამთავროს მიტროპოლიტთან ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს ჰქონდეს სამართლებრივი დავა, იმ მხარის ეგზარქოსს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს მიმართონ და მის წინაშე განისაჯონ“, და XVII კანონი: „თუ ვინმე თავისი მიტროპოლიტის მიერ იქნეს შევიწროებული, მხარის ეგზარქოსმა, ან კონსანტინოპოლის საყდარმა გაურჩიოს საქმე, როგორც ადრე ითქვა“.

[14] იოანე ზონარას კომენტარი შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს უფლებას, აქვს თუ არა შესაძლებლობა ჩაერიოს მისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ არსებულ საკითხებში, ე.ი. შეუძლია რომელიმე ეკლესიის თხვონის საუძველზე ჩაერიოს ნებისემიერ საკითხში თუ საკუთრი ნებით, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის. [იოანე ზონარასი] არცერთ შემთხვევაში არ უარყოფს აპელაციის უფლებას, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოში ნებსით ხდება დაინტერესებულ ეკლესიათა საკითხების გადასაჭრელად.

[15] ტ. ბარშოვი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მისი ძალაუფლება რუსეთის ეკლესიაზე, წმ. პეტრუპოლი 1878, გვ. 198-199. [Μπαρσόφ, Ο Πατριάρχης Κωνσταντινουπόλεως και η εξουσία του επί της Ρωσικής Εκκλησίας, Αγ. Πετρούπολη 1878, σ. 198-199].

[16] «Εἰ τῷ Κωνσταντινουπόλει θρόνῳ ἐφεῖται πᾶσα κρίσις ἄλλων Ἐκκλησιῶν… Ἡ ὁμόφωνη απόκρισις τῶν τεσσάρων Πατριαρχῶν ἦταν σαφής: Τὸ προνόμιον τοῦτο τῷ πάπᾳ Ῥώμης ἦν πρὸ τοῦ διαρραγῆναι τῆς Καθολικῆς Ἐκκλησίας… ἤδη δὲ διαρραγέντος, αἱ ὑποθέσεις αὗται τῶν Ἐκκλησιῶν εἰς τὸν τῆς Κωνσταντινουπόλεως θρόνον αναφέρονται καὶ παρ᾽ αὐτοῦ τὰς  αποφάσεις λαμβάνουσιν, ὡς τὰ ἴσα πρωτεῖα κατὰ τοὺς κανόνας ἔχοντος τῆς παλαιᾶς Ῥώμης» – კონსტანტინეპოლის საყდარს ეძლევა სხვა ეკლესიების ყოველგვარი განსჯის უფლება… ოთხი პატრიარქის თანახმა პასუხი იყო ნათელი: ეს პრივილეგია ეკუთვნოდა რომის პაპს კათოლიკე ეკლესიის გაყოფამდე… როცა უკვე გაიყო, ეკლესიების ეს საკითხები კონსტანტინეპოლის საყდარს ეხება და მისი მეშვეობით ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რადგან მას აქვს ძველი რომის თანასწორი პირველობა, კანონების მიხედვით». იხ. ვ. ფიდასი, იგივე, გვ. 74-75.

[17] ვ. ფიდასი, იგივე, გვ. 75-76.

[18] მეტი მაგალითისთვის იხილეთ, ხიოს მიტროპოლიტ გრიგოლის ნაშრომი, სომეხთა გაერთიანების შესახებ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, 1871 წელი [Για άλλα παραδείγματα, βλ. τη μελέτη του Μητροπολίτη Χίου Γρηγορίου, Περί ενώσεως των Αρμενίων μετά της Ανατολικής Oρθοδόξου Εκκλησίας, εν έτει 1871].

[19] იხ. მღვდელმონაზონ ანტიპას სტატია, „სქიზმატები, რომლებიც ეკლესიას დაუბრუნდნენ და განიწმინდნენ“: https://orthodoxia.info/news/σχισματικοί-που-επέστρεψαν-στην-εκκλ/

[20] ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კანონიკური გაერთიანების შესახებ ROCOR-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის.

[21] ებრ. 7, 21.

[22] ეს ტრადიცია IV საუკუნის ისტორიკოსის რუფინის საეკლესიო ისტორიაშია შემონახული და ამის შემდეგ წმიდა ათანასეს მიერ ალექსანდრიის ბიზანტიურ ჰაგიოლოგიურ ტრადიციაში გადადის.

[23] იოან. 3, 8.

[24] მათ. 3, 9.

[25] ტ. ბარშოვი, იგივე. გვ. 232-233 [Τ. Μπαρσόφ, ό.π., σ. 232-233].

[26] საქართველო გახლავთ გამონაკლისი, მან ავტოკეფალია ანტიოქიის საპატრიარქოსგან მიიღო ხოლო რუსეთმა 1589, საბერძნეთმა 1850, სერბეთმა 1879, რუმინეთმა 1885, პოლონეთმა 1924, ალბანეთმა 1937, ბულგარეთმა 1945, ჩეხეთმა 1998, უკრაინამ 2019, სწორედ მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღეს.

[27] არქიმ. კალინიკე დელიკანისი, იგივე, გვ. 11: „ჩვენმა მსოფლიო საყდარმა მიაღწია ისეთი კანონიკური ძალით გამდიდრებას, რომ მისდამი საჩივრად წარმოჩენილ საქმეებს განსჯის, და აღმოფხვრავს უწესრიგობებს, რომელიც ხდება ღვთის სხვადასხვა ეკლესიებში და კეთილად გარდაქმნის ამგვარ მდგომარეობებს“ – [Αρχιμ. Καλλίνικου Δελικάνη, ό.π., σ. ια´: «ἔφθασεν ὁ καθ᾽ ἡμᾶς Οἰκουμενικὸς Θρόνος Κανονικὴν πλουτισθῆναι δύναμιν ὡς καὶ τὰς προβαλλομένας ἐπὶ διαίτησιν αὐτῷ ανακρίνειν ὑποθέσεις, τὰς τ᾽ ἐπισυμβαινούσας αταξίας ταῖς ἐν ἑτέροις κλίμασι τοῦ Θεοῦ Ἐκκλησίαις καταστέλλειν, καπὶ τὸ εὔθετον ματαρρυθμίζειν τὰ τοιαῦτα»].

[28] იხ. ა. მასავეტა, იგივე, გვ. 419 [Βλ. Α. Μασσαβέτα, ό.π., σ. 419].

[29] მარკ. 2, 27: „შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს“.

[30] იოან. 8, 48-49.

[31] რომ. 10, 2-3.


სრული სიმართლე უკრაინის საე… by Doxologia INFONEWS

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal