“გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ” – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე | VIDEO

In other languages: BG

ბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა…

მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება თავიდან ღვთის განგების გარეშე და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ: “ვაიმე, ახლა მასონებს რა გეგმები აქვთ, რას იზამენ ახლა, აცრებით ხომ არ დაგვღუპავენ ყველას?!” ასე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი და მით უმეტეს სასულიერო პირი?!

…მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ როცა პანდემიის პირველი ტალღა ნაკლებად შეგვეხო, ეს ყველაფერი ჩვენს განსაკუთრებულ სულიერებას მივაწერეთ და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისკენ ვიშვერდით ხელს, რომ ჩვენ პანდემიამ ვერაფერი დაგვაკლო… იმასაც კი ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვესწავლება მათგან არაფერიიმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ…

ახლა როგორ ვართ?! ახლა ვინ უსწრებს განსაცდელში?! ამაში აშკარა ღვთის ხელი არ არის, ჩვენი ფარისევლური სულის სამხილებლად?!

ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით”.

ამონარიდი დეკანოზ თეოდორეს 2020 წლის 29 ნოემბრის ქადაგებიდან

წყარო: WeNews.ge


ეკანოზი თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთი მხრივ, COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს ახმიანებდნენ, მეორე მხრივ კი, არ აღიარებდნენ ვირუსის თანმდევ საფრთხეებს. აღნიშნულის შესახებ სასულიერო პირმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა და ვირუსის მეორე, უფრო მძიმე ტალღა შეაფასა, როგორც ღვთის პასუხი ასეთ საქციელზე.

“ფარისევლური სული ნებისმიერ კორონაზე უარესია”

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ახალი კორონავირუსისა და სასულიერო პირთა ნაწილის პოზიციებს 29 ნოემბრის ქადაგებისას შეეხო, თუმცა ეს გზავნილები სოციალურ ქსელში გვიან, გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ საქართველოში ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად ჩავლის შემდეგ, არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა როგორც მრევლის, ისე სასულიერო პირთა ნაწილში.

“მთელი აჟიოტაჟი ატყდა ჩვენს ეკლესიაში. სამწუხაროდ, ზოგიერთ სასულიერო პირებშიც კი მოხდა ეს… რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ჩვენ ისეთი განსაკუთრებულები და სულიერები ვართ, რომ პანდემიამ ყველგან დაამხო თავზე ყველას ყველაფერი და ჩვენ – არა.

…კი ბატონო, ვიყავით მადლიერები და უნდა ვყოფილიყავით [კიდეც] მადლიერები. მაგრამ ჩვენ ამ მადლიერებით არ დავკმაყოფილდით და ხელი გავიშვირეთ ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიისაკენ. ყველასკენ ხელი გავიშვირეთ. გავიხსენოთ, როგორ იყო: იმასაც კი ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვესწავლება მათგან არაფერი, რადგან ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ”,  -დასძინა დეკანოზმა.

სასულიერო პირს მიაჩნია, რომ ვირუსის მეორე ტალღა, რომლის დროსაც გაიზარდა როგორც დაინფიცირებულთა, ისე დაღუპულთა რიცხვი, “ლოგიკურია” და ესაა პასუხი ამპარტავნობაზე, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მანამდე გამოიჩინა.

“…ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თავს რომ აიმაღლებ, მერე ღმერთი დაგამდაბლებს. იმიტომ, რომ ეს ფარისევლური სული ნებისმიერ კორონაზე უარესია.

ნახეთ, ჩვენ რა გავუკეთეთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციურ მამას? რომ დაგვიფარა და თავზე ხელი გადაგვისვა, ისეთ ამპარტავნებაში ჩავვარდით, ისეთი ფარისევლური სულის აღორძინება დავიწყეთ ჩვენში და ხელის გაშვერა ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიისაკენ, თითქოს ისინი ჩვენი და-ძმანი არ არიან.

იმდენად ვატკინეთ ჩვენს ზეციურ მამას გული, იძულებული გავხადეთ, ოღონდ ესენი ამ ფარისევლური სულისაგან გათავისუფლდნენო და ისევ ჯობია, კორონა შეეყაროთო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე შემთხვევით ხდება… შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომ ის, რაც გვემართება, ღირსები ვართ ამისა”.

“ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით”

ქადაგების ამ ნაწილის დასრულებისას გიგნაძემ თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი ზემოხსენებულის მონანიებაა და ღიად გააკრიტიკა სასულიერო პირთა ნაწილის გზავნილები მრევლისადმი, რომლებიც ვირუსთან დაკავშირებით გაჩენილ კონსპირაციულ თეორიებს შეიცავდა.

“გამოსავალი ერთადერთია: შევინანოთ. და თუ ჩვენ ვინმე, მათ შორის, ხალხი, მოვწამლეთ არამარტო იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა და ეს კონსპირაციული თეორიები… მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას?

მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, რომ აი, ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ და რას იზამენ, აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას… ეს ეკადრება ქრისტიანს, ზოგადად, და, მით უმეტეს, სასულიერო პირს?

მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტომ არაფერი გვექმურება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით”.

“საერთო მასონური გადაწყვეტილება” და სასულიერო პირთა სხვა განცხადებები

პანდემიის კრიზისის დასაწყისში და შემდგომ, არაერთმა სასულიერო პირმა ან საერთოდ გამორიცხა ვირუსის არსებობა, ან თანმდევი საფრთხეების სიმწვავეში შეიტანა ეჭვი.

ეკლესიასთან დაკავშირებით დისკუსია კრიზისის დაწყებიდან მალევე გააქტიურდა. კამათის საკითხი იყო, ერთი მხრივ, ზიარების წესის შეცვლა, მეორე მხრივ კი, სააღდგომო ლიტურგიის ტაძრებში ჩატარების საკითხი.

საბოლოოდ, ლიტურგია დიდ ტაძრებში დისტანციის დაცვის პირობით ჩატარდა, მცირე ტაძრების შიგნით კი მხოლოდ სასულიერო პირებმა აღასრულეს რიტუალი.

რაც შეეხება ზიარების წესს, ამ კუთხით საპატრიარქოს არაფერი შეუცვლია. თავად თეოდორე გიგნაძე მარტში ამბობდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში “არასოდეს იცვლებოდა ტრადიცია შიშის გამო, რომელიც რწმენას უპირისპირდებოდა”. ამავე ქადაგებაში მან დასძინა:

“შეხედეთ, სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციები და სხვადასხვა რელიგიები. როგორ იხურება მათი ეკლესიები, როგორ აღარ ლოცულობენ…  და იმათი შეშინებული სასულიერო პირები. სიამაყით მინდა, ვთქვა, რომ ვეძებ მართლმადიდებლობაში სულმოკლეობას და ჯერჯერობით ასეთი გამოხატული სულმოკლეობა ვერცერთ სასულიერო პირში ვერ დავინახე”.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი დასძენდა, რომ “ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში, არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი”.

მანვე ასე მიმართა მრევლს:

“ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”.

იმავე პერიოდში რისკები, ფაქტობრივად, გამორიცხა სინოდის კიდევ ერთმა წევრმა, მიტროპოლიტმა იობმა. ის ამბობდა, რომ COVID-19 ჩვეულებრივი ვირუსი იყო, ადამიანებს  უსიმპტომოდ გადაჰქონდათ და “არანაირი საშიშროება” არ არსებობდა

მიტროპოლიტი ასევე ამბობდა, რომ კორონავირუსი “ხელოვნურად თავს მოხვეული ფსიქოზი” იყო და ერთგვარი გამოცდა, “თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევდა ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც კაცობრიობის კონტორლი ჰქვია”.

რამდენიმე თვის შემდეგ, აგვისტოში, ახალი კორონავირუსი სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ასე შეაფასა:

“რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და ოხრობა! სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას, კაცო!”

ვირუსის მეორე ტალღის დროს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მიტროპოლიტი დაინფიცირდა COVID-19-ით. 1 თვით ადრე, სანამ თავადაც დაინფიცირდებოდა, მიტროპოლიტმა იობმა პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ “ვირუსი მართლა არსებობს, სასულიერო პირებსაც აქვთ”.

ვირუსის მეორე ტალღისას კორონავირუსი რამდენიმე სასულიერო პირის გარდაცვალების მიზეზიც გახდა. მათ შორის იყო დეკანოზი დავით ქვლივძე, რომელმაც მანამდე პანდემიას “კორონათაღლითობა” უწოდა.


COVID-19: ვითარება საქართველოში

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 209 462 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 184 668 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 140 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რიგი ობიექტებისა დაკეტილია, პირბადის ტარება კი სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

ორი კვირის მანძილზე საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ვირუსის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ამჟამად ქვეყანა მეოთხე პოზიციაზეა.


წყარო: NetGazeti.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal